ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.
ჯანომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:
“მინდა, გულწრფელი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადო თორნიკე შენგელიას, რომლის მიერ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას საკმაოდ არასასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა.
წლების განმავლობაში ვთამაშობდი მოსკოვის “სპარტაკში”, რუსეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და გარდა ტიტულების მოპოვებისა, ჩემი მთავარი ამოცანა იყო ქართული დროშის აფრიალება და ასეც ხდებოდა ყოველთვის, როცა ამის საშუალება მეძლეოდა.
დარწმუნებული ვარ, ასე, არაერთხელ იქნება თორნიკეს შემთხვევაშიც. ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, თორნიკე შენგელია იყო, არის და იქნება მისაბაძი, სამაგალითო, პროფესიონალი სპორტსმენი და თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი.
ამიტომ, თორნიკეს ვულოცავ ესპანეთის ჩემპიონობას და მისი ახალი გუნდის შემადგენლობაში, მოსკოვის ცსკა-ში, სადაც აუცილებლად ლიდერი და გამორჩეული ფიგურა იქნება, ვუსურვებ წარმატებებს, გამარჯვებებსა და ახალი ტიტულებს”, – აცხადებს ანანიძე.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ცსკა-სთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.