ჯანო ანანიძემ “დინამოდან” წასვლის მიზეზებზე ღიად ისაუბრა
ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ახსნა, თუ რატომ და რა გარემოებებში დატოვა თბილისის “დინამო”. შეგახსენებთ, რომ თბილისში დაბრუნებულმა ჯანომ “დინამოელთა” მაისურით მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
“მოგესალმებით…
საკმაოდ დიდ ხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის მეთქვა, დინამოდან წამოსვლის მიზეზისა და იმ ფორმის შესახებ, როგორც მოხდა ჩვენი განშორება.
საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, დინამოდან ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა, ეს არის მცდარი ინფორმაცია და ჩემმა გულშემატკივარმა მინდა სიმართლე იცოდეს. ამიტომ, მსურს გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირადი საუბრისას.
ჩემთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ დამირეკა დინამოს ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე ვიცნობ. გულწრფელად ვიტყვი, გული დამწყდა იმაზე, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე პატივს ვცემდი, როგორც მწვრთნელს და პიროვნებას. ვთვლი, რომ არც კლუბისგან და მითუმეტეს, არც დინამოს მწვრთნელისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი, რადგან მის ნათქვამს ჩემთვის უფრო მეტი წონა ექნებოდა და გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე კლუბის ნებისმიერი სხვა ხელმძღვანელისას.
მოკლედ, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ჩემი ტრავმის გამო ვერ გარისკავდა ჩემთან შემდგომ თანამშრომლობას. არადა, საქმე ისაა, რომ ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია და სწორედ ამიტომ, დინამოს მიმართ ჩემი მხრიდან შეთავაზება ასეთი იყო: ჩემივე ხარჯებით წავსულიყავი წინასასეზონო შეკრებაზე, სადაც საწვრთნელ პროცესში მაქსიმუმს გავიღებდი და ვნახავდი, შემეძლო თუ არა კვლავ თამაში. თუ ამის შემდეგ შემექმნებოდა პრობლემა, მზად ვიყავი ყველანაირი თანხის გარეშე წამოვსულიყავი გუნდიდან, თუმცა განხორციელებულ სატელეფონო საუბარში სულ სხვა პასუხი მივიღე. ასე რომ, საქმე ფინანსებს საერთოდ არ ეხება და ნურავინ შეეცდება, მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს. ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბის მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად საფეხბურთო ცოდნით და მენეჯერული თვისებებით არ გამოირჩევა, ასეთი მიდგომით გუნდს ვერ განავითარებს. სამწუხაროა, რომ ქართულ კლუბებში ხდება ეს.
ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა ვსაუბრობთ განვითარებაზე, ამ განვითარების ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება,” – ვკითხულობთ ჯანოს განცხადებაში.