ჯეი ჯეი რედიკი „კლიპერსს“ უცნობი პერიოდით გამოაკლდა
„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მცველს ჯეი ჯეი რედიკს „ბრუკლინ ნეტსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის პირველივე წუთებზე მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, კალათბურთელს რამდენიმე დღის განმავლობაში ზურგის ტკივილი აწუხებს.
კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის თქმით, იგი გარისკვას არ აპირებს და რედიკს იქამდე დაასვენებს, სანამ ის ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება.
„მას კუნთების ტკივილიც აწუხებს. სავარაუდოდ, რედიკმა ტრავმა „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩის ბოლოს მიიღო. „ნეტსთან“ მას არ უნდა ეთამაშა, ამიტომაც ახლა იგი იქამდე დაისვენებს, სანამ ოპტიმალურ ფორმაში არ იქნება“, – ციტირებს „კლიპერსის“ თავკაცს ESPN-ი.
მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში რედიკის მონაგარი საშუალოდ 29,5 წუთში 14,7 ქულასა და 1,7 მოხსნას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჯეი ჯეი ნიუ-იორკში მოახლოებული ოლ სტარის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას აპირებს.