ჯეიმს მილნერის დასაფასებელი საქციელი “შრუსბერისთან” მატჩის წინ
4 თებერვალს, ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის განმეორებით შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “შრუსბერი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. ლივერპულელები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც “ჩელსის” დაუპირისპირდებიან.
როგორც იცით, “ლივერპული” ამ მატჩში მოედანზე 23-წლამდე გუნდით გავიდა. პირველი გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სტადიონზე გამოჩნდა, ჯეიმს მილნერია. მისმა სათადარიგოთა სკამზე ყოფნამაც კი ბევრი გააკვირვა. ამ საკითხზე კომენტარი “ლივერპულის” 23-წლამდე გუნდის მწვრთნელმა ნილ ქრითჩლიმ გააკეთა.
“მან გუშინ ჩვენთან ერთად ივარჯიშა და გვკითხა, შეიძლებოდა თუ არა მატჩის დროსაც ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ჩემი პასუხი ასეთი იყო: “რა თქმა უნდა, შეგიძლია”. მან მკითხა: “შემიძლია გასახდელშიც შემოვიდე?” როგორ ფიქრობთ, რას ვუპასუხებდი: “რა თქმა უნდა”.
გასახდელში მან ბიჭებს რჩევები მისცა. ის ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, გამარჯვებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. არ ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო”, – თქვა ნილ ქრითჩლიმ.