ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.
— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.
— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.
— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.
— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.