ჯეკოს “რომაში” გაჩერება აღარ უნდა
“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “რომას” კაპიტან ედინ ჯეკოს გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს და გუნდის დატოვება სურს.
ბოსნიელი თავდამსხმელი იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე “სპეციას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს, რის გამოც ჯეკოს პაულუ ფონსეკასთან უთანხმოება მოუვიდა. 34 წლის ფეხბურთელი არც იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში იმავე “სპეციასთან” ჩასატარებელი შეხვედრის განაცხადში შეიყვანეს.
წყაროს თანახმად, ედინ ჯეკოთი ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი. ფეხბურთელის აგენტმა თავისი კლიენტი “ვესტ ჰემ იუნაიტედს” შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკო “რომას” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2016-2017 წლების სეზონში ის 29 გატანილი ბურთით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.
ედინ ჯეკოსა და “რომას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას რვა მილიონ ევროდ აფასებს.