ჯეფ შტრასერი: “იმედი გვაქვს, რომ “ჩიხურას” მინიმუმ ორ გოლს გავუტანთ”
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, ლუქსემბურგის “ფოლას” მთავარმა მწვრთნელმა, ჯეფ შტრასერმა “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“ჩიხურასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, ყველაფერი დეტალურად გავაანალიზეთ. განმეორებითი შეხვედრისთვის შესაბამისად ვემზადებოდით და დიდი იმედი გვაქვს, რომ “ჩიხურას” მინიმუმ ორ გოლს გავუტანთ. პირველ მატჩში ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით და ვთვლით, რომ ცუდად არ გვითამაშია.
ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ რომ შანსი არ გვქონდეს და საკუთარი ძალების არ გვჯეროდეს, ახლა აქ არ ვიქნებოდით. ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
განმეორებითი მატჩისთვის კარგი სტრატეგია გვაქვს შემუშავებული. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ გეტყვით ჩვენი გეგმების შესახებ,” – აცხადებს ჯეფ შტრასერი.
შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგულ და ქართულ კლუბებს შორის შემდგარი პირველი დაპირისპირება საჩხერის “ჩიხურას” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1-2.