ჯერარდი: “უნდა ვილოცოთ, რომ კოუტინიო “ლივერპულში” დარჩეს”
“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მერსისაიდულმა გუნდმა ფილიპე კოუტინიოს შესანარჩუნებლად ძალღონე არ უნდა დაიშუროს. ინგლისელის თქმით, აღნიშნული საკითხი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, კვლავ შეეცდება თუ არა “ბარსელონა” ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელებას.
“როგორ შევინარჩუნოთ კოუტინიო? უნდა ვილოცოთ. ის სამხრეთამერიკელია და “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს.
ამ სიტუაციაში გადამწყვეტი “ბარსელონას” პოზიცია იქნება. საინტერესოა, კვლავ შეეცდებიან თუ არა კატალონიელები კოუტინიოს გადაბირებას თუ უკვე იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ ბრაზილიელი მათთან არ გადავიდა.
ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ “ლივერპულს” კოუტინიოს შენარჩუნება სურს. ის უყვართ გუნდში. კოუტინიო მოედანზე მომენტებს ქმნის. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ამ კლასის მოთამაშე რომ არ იყოს, “ბარსელონა” მის სანაცვლოდ ამხელა თანხას არც შემოგვთავაზებდა. “ლივერპულმა” მაქსიმალურად დიდი ხნით უნდა შეინარჩუნოს კოუტინიო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სადიო მანესთან ერთად “ლივერპული” პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ გუნდად აქცია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Goal.com-ი.
თავად ფილიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ “ბარსელონასგან” შემოთავაზების მიღება მისთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ იქვე დასძინა, ჩემთვის “ლივერპულში” თამაში საამაყოაო.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ზაფხულში აქტიურად ცდილობდა ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას და “ლივერპულს” 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტ სტერლინგიც კი შესთავაზა, მაგრამ მერსისაიდელებმა ბრაზილიელი ნახევარმცველის გუნდიდან გაშვებაზე უარი თქვეს.