ჯერარდის ბოლოსიტყვაობა
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა “ენფილდზე” მერსისაიდული გუნდის ფორმით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.
ინგლისელი ფეხბურთელი ფანებს შეხვედრის შემდეგ ამ სიტყვებით დაემშვიდობა:
“უცნაური გრძნობა დამეუფლა. ამ მომენტის ძალიან მეშინოდა, აქაურობა ძალიან მომენატრება. სრულად დაცლილი ვარ, რადგან თქვენ წინაშე ვეღარ ვითამაშებ.
“ლივერპულში” ჩემი პირველი თამაში ოცნების ახდენა იყო, დანარჩენი ყველაფერი კი ამის დამატება.
კლუბი საიმედო ხელშია. ჩვენ შესანიშნავი მფლობელები და არაჩვეულებრივი მწვრთნელი გვყავს. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გუნდს ახალწვეულებიც შეუერთდებიან. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ.
მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, რომლებთან ერთადაც აქ 17 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. “ლივერპულის” ყოფილ მოთამაშეებსაც ვგულისხმობ.
ყველაზე დიდ მადლობას კი ფანებს ვუხდი. მსოფლიოს ბევრ სტადიონზე მითამაშია, თუმცა თქვენ საუკეთესონი ხართ”.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი მომდევნო სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს.