ჯერარდმა ჯერ არ იცის
ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “ლესტერ სიტი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ერთი გოლი სტივენ ჯერარდის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
“გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნები. ჯერჯერობით სათქმელი არაფერია. დღეს ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და სწორედ ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა კონტრაქტზე. მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე, თუმცა გამარჯვება უფრო სასიხარულოა. “ლივერპული” სატურნირო ცხრილში თანდათან ზემოთ ადის. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს პირველ ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდს მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 30 ივნისს ეწურება. მის მიმართ სხვადასხვა გუნდები იჩენენ ინტერესს, მათ შორის — “ტორონტო”, “მანჩესტერ სიტი” და მილანის “ინტერი”. 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას “ლივერპულიც” სთავაზობს, თუმცა ხელფასის შემცირებით.