ქართველი ფეხბურთელებისთვის ყაზახეთ-უზბეკეთმა რუსეთ-უკრაინა საბოლოოდ ჩაანაცვლა
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, რუსეთ-უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატები, სადაც ქართველები წლების განმავლობაში მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი, ჩვენთვის პრაქტიკულად დაიხურა.
მათი ჩანაცვლება დიდწილად ყაზახეთ-უზბეკეთის ჩემპიონატებით დაიწყო. ფეხბურთელები, ხშირად, პირდაპირ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადადიან. ასე მოხდა ჯაბა ჯიღაურის შემთხვევაში, რომელმაც ყაზახურ “აკტაუსთან” ხელშეკრულება 4 დღის წინ გაწყვიტა და მალევე, უზბეკურ “ნასაფში” გადავიდა.
უზბეკეთში წავიდნენ აკაკი შულაიაც და გიორგი კუხიანიძეც. მათე ცინცაძე, თემურ ჩოგაძე, რატი არდაზიშვილი, ლუკა იმნაძე, თამაზ მაქაცარია, ლუკა გადრანი და სხვები ყაზახეთში თამაშობენ.
ქართველების მიმართ ინტერესი ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდანაც არის. მაგალითად, ელგუჯა ლობჯანიძე ჩინეთის მე-2 ლიგაშია, ბექა მიქელთაძე კი ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეულ “გვანჯუში” აღმოჩნდა.