ჯუზეპე მაროტა: “სერია A-მ პრემიერლიგას უნდა მიბაძოს”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა სატრაფერო პერიოდის შემცირებას მიესალმება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ინგლისის პრემიერლიგაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ხანგრძლივობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისად, მომავალ წელს პრემიერლიგაში სატრანსფერო პერიოდი 9 აგვისტომდე ანუ ტურნირის დაწყებამდე გაგრძელდება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ კლუბებს ფეხბურთელთა შეძენის უფლება აღარ ექნებათ, თუმცა მოთამაშეთა გაყიდვა შეეძლებათ.
“მოუთმენლად ველოდი ამ გადაწყვეტილებას. ეს სწორი ნაბიჯია. ასეთი ხანგრძლივი სატრანსფერო პერიოდი დაბნეულობას იწვევს. ეროვნული ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ტრანსფერები აღარ უნდა ხორციელდებოდეს. სერია A-მ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სატრანსფერო პერიოდის ხანგრზლივობის შემცირების წინადადებით უნდა მიმართოს. ამ აზრს ჩვენი ჩემპიონატის კლუბთა უმრავლესობა იზიარებს”, – ციტირებს მაროტას სიტყვებს “სქაი სპორტსი”.