კადიროვი: “მსოფლიოს ყველა სპორტსმენი უნდა გაერთიანდეს და განცხადება გააკეთოს”
რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რამზან კადიროვი მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ რუსეთისათვის გამოტანილ განაჩენს უსამართლობად აფასებს.
კადიროვის თქმით, WADA-ს გადაწყვეტილება მსოფლიოს ყველა სპორტსმენმა უნდა გააპროტესტოს.
“ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. მე რომ სპორტსმენი ვიყო და შეჯიბრზე საკუთარი ქვეყნის დროშას ვერ ვაფრიალებდე, მაშინ იქ მონაწილეობას საერთოდაც არ მივიღებდი. მსოფლიოს ყველა სპორტსმენი უნდა გაერთიანდეს და ამ უსამართლობის წინააღმდეგ განცხადება გააკეთოს. ხვალ, შეიძლება, მათაც იგივე დაემართოს”, – ციტირებს კადიროვის სიტყვებს Sports.ru.
შეგახსენებთ, რომ დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე “დიდ შეჯიბრებებზე” დისკვალიფიკაცია აქვს. ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ მიუღიათ, ტურნირებზე რუსეთის დროშის გარეშე გამოვლენ, ხოლო მათი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის ჰიმნი არ აჟღერდება.