კახა ჩხეტიანი: “გამარჯვებისათვის ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი “ლუდოგორეცთან” გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლო წამამდე იბრძოლებს.
დღეს, ევროპის ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში “ტორპედო” ბულგარულ “ლუდოგორეცს” სტუმრად დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა, ბულგარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
“გუნდში კარგი განწყობაა. ყველას გათავისებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაში გველის. გუნდი მოედანზე აუცილებლად საბრძოლო განწყობით გამოვა და ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იბრძოლებს გამარჯვებისათვის. რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, გიგაური გვყავს ტრავმირებული, რომელიც საქართველოში დარჩა, დანარჩენი მოთამაშეები მწყობრში არიან და ყველანი თამაშისათვის ემზადებიან”, – განაცხადა ჩხეტიანმა.
“ლუდოგორეცსა” და “ტორპედოს” შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებს პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სილქ უნივერსალზე შეეძლებათ.