კახა ჩხეტიანი: “შეტევაში აქტიურები უნდა ვიყოთ”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “ლუდოგორეცთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ეს მატჩი სხვა მატჩებისაგან თავისი მნიშვნელობით განსხვავდება. რა თქმა უნდა, სერიოზულად ვემზადებით. ყველა ფეხბურთელი მზადა, ტრავმების პრობლემა არ გაგვაჩნია. ფსიქოლოგიური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა შევეცადოთ, რომ მეტოქეზე ერთით მეტი გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ბიჭები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენი საქმე ფეხბურთის თამაშია. მთავარია, რომ დღეს ჩვენ ფლეი-ოფში ვართ.
უკნიდან თამაშს არასოდეს არ ვცდილობთ, ამას ზოგჯერ მეტოქე გვაიძულებს. ახალწვეულებს ევროპის ლიგის მატჩებში უწევთ გუნდთან ადაპტირება, ამიტომ მცირე ჩავარდნები არის. რაც მთავარია, მადლობა ღმერთს, ფლეი-ოფში გავედით.
ძალიან მინდა, ის, რაც დასახული გვაქვს, ეს ყველაფერი გამოგვივიდეს. რა თქმა უნდა, იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელსაც ყოველდღიურად გუნდში ვნერგავთ. შეტევაშიც აქტიურები უნდა ვიყოთ და დაცვაშიც ორგანიზებულად ვიმოქმედოთ. როცა ორივე დეტალი კარგად სრულდება, მაშინ ყველაფერი წარმატებით გამოდის.
ჩემპიონატის მატჩები რომ არ გადადებულიყო, აღდგენას ვერ მოვახერხებდით. მინდა, ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო.
“ლუდოგორეცს” ფულით ვერ დავუპირისპირდებით. მეტოქე კომბინირებულ ფეხბურთს თამაშობს და ბურთის ფლობას დიდ ყურადღებას აქცევს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო მატჩებში ისინი დამამთავრებელ ფაზაში კარგად ვერ გამოიყურებიან. რას დავუპირისპირებთ “ლუდოგორეცს”, ეს ხვალინდელ მატჩში გამოჩნდება.
ჩვენთვის ქუთაისში თამაში ყველაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, იქ მხოლოდ სტადიონი არ გაივსებოდა და ქუჩებში ეკრანებს დაამონტაჟებდნენ. ჩვენ გულშემატკივარს ფეხბურთი გულით უყვარს და მათ ჩვენი წარმატება გულით სურთ. ახლა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის არ გვიწევს თამაში. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ხვალ სტადიონზე მოვა. მაყურებლის გარეშე ფეხბურთს აზრი ეკარგება.”
შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” 23 აგვისტოს ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში ბულგარულ “ლუდოგორეცს” თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.