კახა ჩხეტიანი: “ტორპედო” გაძლიერდება, ევროპა ლიგის პლეი-ოფში სხვა დონეა”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა, რომელმაც თასი და სუპერ თასი მოიგო, გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში და ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე გაიყვანა, სეზონის დასრულების შემდეგ საბოლოო კომენტარს აკეთებს.
“ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის უკვე ახალი სეზონი დაიწყო, ფეხბურთელებმა კი ასეთი რთული სეზონის შემდეგ ცოტა უნდა დაისვენონ.
გუნდის ძირითადი ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება. ფეხბურთელების დიდ ნაწილთან, ვისაც კონტრაქტი ეწურებოდა, მივაღწიეთ შეთანხმებას გახანგრძლივებაზე. ამასთანავე, იგეგმება გუნდის გაძლიერებაც.
“ლუდოგორეცმა” დაგვანახა, რომ ეს აუცილებლობაა. იქ, ევროპალიგის პლეი-ოფში სხვა დონეა… ვნახეთ ეს ყველაფერი და ვეცდებით, შემდეგ სეზონში ბევრად ძლიერი გუნდი ვიყოთ!
მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს და სეზონი წარმატებულად ჩაატარეს. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ყველგან დაგვყვებოდა და გვერდში გვედგა. ასევე მადლობა მედიის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ჩხეტიანმა.