კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი ერევანში გასამართ ლეგენდების მატჩში ითამაშებენ
8 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “პიუნიკის” მფლობელის, არტურ სოგომონიანის ორგანიზებით ფეხბურთის ლეგენდების მატჩი გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ვარსკვლავები მიიღებენ. უკვე ცნობილია, რომ ლეგენდების მატჩში ასევე ითამაშებენ საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი მცველი კახა კალაძე და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთა თამაშიც უკვე გადაწყვეტილია:
რივალდო, ერნან კრესპო, გაბრიელ ბატისტუტა, დიდა, კაფუ, ივან სამორანო, ჟულიანო ბელეტი, სერჟინიო, ივან კორდობა, პაოლო მალდინი, იური ჯორკაეფი, იარი ლიტმანენი, ხრისტო სტოიჩკოვი, დემეტრიო ალბერტინი, ლიუდოვიკ ჟიული, რაიან გიგზი, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი.
ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ლეგენდარულ ფეხბურთელთა შორის გასამართ მატჩში მონაწილეობის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რონალდინიოსთან, კარლეს პუიოლთან, ლოთარ მათეუსთან, ფრანჩესკო ტოტისთან, ხავიერ ძანეტისთან, კაკასთან, რობერტო კარლოსთან და სხვა ვარსკვლავებთან.
მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზება ორშაბათიდან დაიწყება და ფასი დაახლოებით ათი ამერიკული დოლარი იქნება.