კახა კალაძე: “მესმის, თუ რატომ არ წაიყვანა “მილანმა” კვარა”
თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ “იმედი Live”-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“ძალიან მახარებს, რომ საქართველოში საფეხბურთო კუთხით სასიამოვნო სიახლეებია. დავითაშვილი, მამარდაშვილი, კვარაცხელია – უნიჭიერესი ბიჭები არიან და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ხვიჩა იტალიის ერთ-ერთ უდიდეს გუნდშია და მსურს, ერთ დღესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. “ნაპოლიში” მას ყველანაირად ხელს შეუწყობენ, ასწავლიან და შეძლებს, განვითარდეს”
“მე ხშირად მილაპარაკია გატუზოსთან, როცა “ნაპოლის” მწვრთნელი იყო. ტექნიკური დირექტორთანაც მქონია საუბარი და გამომკითხეს სხვადასხვა რაღაცა მის შესახებ. რა თქმა უნდა, ისინი აქტიურად აკვირდებოდნენ მას, უბრალოდ, ჩემი აზრის გაგებაც სურდათ. ვესაუბრე მალდინისაც, მაგრამ “მილანმა” თავი შეიკავა. მესმის მათიც, რადგან ხვიჩას პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლეაო ჰყავთ და გასაგებია. კვარაცხელიას ჩემგან ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა”
“ურთულეს ჩემპიონატში თამაშობს, მაგრამ თავიდანვე შეიყვანა გულშემატკივარმა. ჰყავს გამორჩეული სპეციალისტი და ახლა მხოლოდ მასზეა ყველაფერი დამოკიდებული. მჯერა, რომ წარმატებული იქნება” – განაცხადა კალაძემ.
დღეს ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ კვარა, ზურიკო, მამარდა და ბიჭები 20:00 საათზე გამოვლენ. მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, კვარაზეა.