კახა კალაძე ზვიად სიჭინავას მადლობას უხდის
საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისში ჩატარებულ სუპერთასის მატჩსა და ზვიად სიჭინავას მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ეს მოხდა!
საქართველომ , თბილისმა, “დინამო-არენამ” უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს!
უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე “ბარსელონა” “სევილია” -ს შეხვდა.
დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია- უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!
აქვე მინდა ავღნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.
ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო- წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი- და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს- ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ … მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში- ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც”.