კახა კალაძის მიმართვა საქართველო – ლატვიის მატჩის წინ (ვიდეო)
თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
“დღევანდელი ჩემი ვიდეომიმართვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩს უკავშირდება. შეიძლება, პირდაპირ ვთქვათ, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი ნაკრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გვინდა წარმატება და თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ჩვენს ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაცისა თუ პროვოკაციის სურვილი. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ფეხბურთისაგან და სპორტისგან შორსაა და არეულობისა და სირცხვლისი მომტანია.
დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა, ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოთ საქართველოს დროშები და ვიყოთ გულწრფელები გუნდის გულშემატკივრობისას. მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს, პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთისაგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა.
მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, ნაკრები, გულშემატკივარი, სრულიად საქართველო ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, იყოს საწინდარი ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისა. მგონია, რომ ხვალ მატჩზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. კიდევ ერთხელ, მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ნაკრებს”, – განაცხადა კალაძემ.