კახა ცხადაძე: “მინდა ეროვნული ნაკრების გარშემო ყველა გაერთიანდეს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიის ნაკრებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“მადლობა გვერდში დგომისათვის. მართალია, ცოტა გულშემატკივარი მოვიდა, მაგრამ მინდა, მათ მადლობა გადავუხადოთ. მოტივაციით, შოტლანდიას მცირედი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მატჩებში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ. ასეთი დონის გუნდები დიდ ტურნირებს თამაშობენ, ამიტომ სწორედ აქ უნდა დავინახოთ ჩვენი პოტენციალი. დავინახოთ, რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთელებმა ფანტასტიური თამაში აჩვენეს. შოტლანდიამ ვერცერთი ასპროცენტიანი მომენტი ვერ შექმნა, დაცვამ ბრწყინვალედ ითამაშა. ცოტა უფრო მეტი სითამამეა საჭირო. გვინდა, რომ ასეთი თამაში მხოლოდ ერთხელ არ ვაჩვენოთ. თუ ასე ბევრ შეხვედრას ჩავატარებთ, მაშინ მაღალი დონის ტურნირებზე მოხვედრის პრეტენცია გვექნება.
ყოველთვის მიხარია ფეხბურთელის ამბიცია. თუ კი მას (ოქრიაშვილი) ემოციებმა გადაძალა, ამას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ მხოლოდ ერთი კარგი თამაში არ ჩავატაროთ. ყველამ უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ რაღაც მიზნისთვის ვცხოვრობთ. ბევრი გვაქვს სამუშაო და ვფიქრობ, თუ ფეხბურთელები ბოლომდე გამომყვებიან, შედეგი იქნება. ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა და ძალიან მინდა, ამის გარშემო ყველა გაერთიანდეს, რათა მიზანს მივაღწიოთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. უღრმესი მადლობა ფეხბურთელებს.
როცა გუნდი აგებს, ბოლო ათი წუთის განმავლობაში მუდამ შეტევაზე ფიქრობ. დრო გვიჩვენებს, ეს გამარჯვება ფეხბურთელებს მომავალ შეხვედრებში თუ წაადგება. ამ ორ დღეში ძალები უნდა აღვიდგინოთ, დღეს უკვე ირლანდიაში მივფრინავთ. იმედი მაქვს, მენტალიტეტს შევცვლით, დიდ შედეგებზე ვიფიქრებთ და არა ერთჯერადებზე.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. ჯანო ირლანდიაში ვერ წამოვა, ის თბილისში დარჩება. მან თავის თავს აჯობა და კარგი მატჩი ჩაატარა. იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება. აქედან გამომდინარე, ირლანდიასთან მატჩში რაღაც ცვლილებები გვექნება.”