კახა ცხადაძე 7 ფეხბურთელს ემშვიდობება
ეროვნული ლიგის გავარდნილ “სამტრედიასთან” “დინამო თბილისმა” 0-0 ითამაშა და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე განსაკუთრებით გაბრაზებული ჩანდა. მან პირდაპირ მიანიშნა, რომ “დინამოს” ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.
“შეიძლება გადაცემა შეგეშალოს, მაგრამ მონდომება მაინც გეტყობოდეს. იგებდი-აგებდი და ზოგიერთი ფეხბურთელი კონტრაქტს მაინც აგრძელებდა. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება და ბევრი ცვლილება გვექნება”, – განაცხადა ცხადაძემ.
კახას მოსვლის შემდეგ სათამაშო დრო ნოდარ ქავთარაძეს და დავით კობოურს პრაქტიკულად არ ჰქონდათ. მოედანზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა ნოდარ იაშვილი და ბოლო დროს საიმონ ბენიოც.
ცხადაძეს, შესაძლოა, მთავარი აქცენტი ბაქარ ქარდავაზე და გიორგი კუციაზე ჰქონდა. მათ გარდა, თბილისიდან , დიდი ალბათობით, ოსეი ბარნსი და ფაბიან სპორსკლედეც წავლენ.
მხოლოდ 1 თამაში გამოუვიდა ჯანო ანანიძეს, რომელმაც მალევე ტრავმა მიიღო და მაისის მერე რეაბილიტაციას გადის. მას კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება.
გავრცელებული ცნობით, “დინამოს” პირველი ტრანსფერი “გაგრას” მეკარე დავით კერესელიძეა, რომელმაც კლუბთან 2+1 კონტრაქტი გააფორმა.
ცხადაძე ტრანსფერებს ახალ სპორტულ დირექტორთან, ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად განახორციელებს.