კახა ცხადაძე: “არ მაქვს საუბარი იმ ნაძირლებზე, რომლებიც მოგზავნილები არიან”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას “მაკაბისთან” განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ ოსტატობას, არც “ნეფთჩი” და არც “მაკაბი” სხვა კომპონენტში ჩვენზე უკეთესი არ ყოფილა. თითზე ჩამოსათვლელია მომენტები, როდესაც ეს გუნდები ჩვენ კარებთან მოვიდნენ. სამწუხაროა, რომ ასეთ გოლებს ვუშვებთ.
როცა მაღალი მიზნები ისახება, თბილისის “დინამოში” კონტიგენტი ინდივიდუალურად უკეთ უნდა იყოს მომზადებული, საჭიროა უფრო მაღალი დონის ოსტატები. მთავარი პრობლემა არის ინდივიდუალური ოსტატობა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთ თამაშებს ვაგებთ. პირველი ტაიმის შემდეგ ორი შეცვლა გავაკეთეთ, რადგან ფეხბურთელები ვერ აკმაყოფილებდნენ იმ დონეს, რა დონეც ჩვენ გვჭირდებოდა.
იყო შესაძლებლობა, რომ ბევრი მომენტი შეგვექმნა. თუ ბოლო ფაზა არ გამოიყენე, როგორ უნდა მოიგო თამაში? არ უნდა დავუშვათ ასეთი შეცდომები – ხან ფეხი გვიცდება, ხან ბურთს ფეხს ვაცილებთ.
ამხელა სამუშაოს რომ ვასრულებთ, ჩვენ ხომ ყველანი ვხედავთ? მე არ მაქვს საუბარი იმ ნაძირლებზე, რომლებიც მოგზავნილები არიან და 20 ლარის გულისთვის იგინებიან იქიდან. ესენი საერთოდ არახალხი არიან, საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ. ობიექტური ხომ უნდა იყო… რატომ მე? ცუდად მოვამზადე გუნდი? გვაჯობა გუნდურ თამშში “მაკაბიმ”? რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა სადმე?
ჩვენ თუ გვინდა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, მარტო გუნდური თამაში არ კმარა, ყველაფერი შერწყმული უნდა იყოს. კი, ვქმნით მომენტებს, მაგრამ იმას ხომ უნდა გატანა?
გუნდის გაძლიერება გვინდა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ვერ მოგყვავს ფეხბურთელები, რადგან ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ. დილიდან საღამომდე ვმუშაობ და რატომ უნდა ვაგინებინო ვინმეს თავი? აბსოლუტურად სუფთა გულით მოვედით ისეთ პირობებზე, როგორზეც შეიძლება ბევრს გაეცინოს. თბილისის “დინამო” უნდა იყოს გამორჩეული გუნდი. თუ ჩვენი და კლუბის მხრიდან კომპლექსური ნაბიჯები არ გადაიდგა, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა.
არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მართლა კარგები არიან, მათ ზურგის გამაგრება სჭირდებათ. ძალიან მწყდება გული. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს”, – განაცხადა ცხადაძემ.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ისრაელში გაიმართება.
*ფოტო: დინამო თბილისი