კახა ცხადაძე: “ეს უნდა დასრულდეს – კარგად ვითამაშეთ, მაგრამ…”
“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს “ნეფთჩისთან” 1-2 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ბევრი მომენტი შევქმენით, გოლის გაშვების შემდეგ გვქონდა გატანის შანსი, მაგრამ მათი მეკარე დღეს საოცრად თამაშობდა. არაერთი რთული ბურთი მოიგერია და მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა. შევეცდებით ამ მატჩის ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ ახლა უკვე მეტოქესაც შეუძლია იგივე გააკეთოს და მეტი ინფორმაცია წაიღოს ჩვენგან.”
“ტრანსფერების განხორციელება ვერ შევძელით. მხოლოდ 1 მოვასწარით. 3-4 ფეხბურთელთან გვქონდა კონტაქტი, ერთთან შეთანხმებულებიც ვიყავით, მაგრამ ბოლო მომენტში გადაგვაგდო. არადა ეს ფეხბურთელი დინამიკაში იყო და ადაპტაცია არ გაუჭირდებოდა. ერთმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. საქართველოა რა, ძალიან კომპლექსური საკითხია ტრანსფერები. ჩვენი ჩემპიონატი არცთუ ისე ძლიერია და ამასაც აქვს თავისი გავლენა”
“თუ მე და ჩემი გუნდი ვაპირებთ “დინამოში” ვიყოთ გარკვეული ხანი და ბოლომდე მივყვეთ “დინამოს”, მაშინ ბევრი საუბარი და დაგეგმარება დაგვჭირდება.”
“მინდა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს – კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, რადგან გულშემატკივარს შედეგი სჭირდება და არა ეს სიტყვები”, – განაცხადა ცხადაძემ.
“ნეფთჩიმ” ორივე გოლი ჯერ კვასხვაძის, შემდეგ კი ხარაბაძის მძიმე შეცდომებს მოჰყვა.