კახა ცხადაძე: “კვარაცხელია დორტმუნდის “ბორუსიაში” ვარსკვლავი გახდება”
ყაზახური “ორდაბასის” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
საქართველოს ნაკრების თავკაცი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 19 წლის ქართველი გარემარბი დორტმუნდის “ბორუსიაში” გადავა, ის ვარსკვლავი გახდება.
“კვარაცხელია “რუბინში” წამყვანი ფეხბურთელია და მთავარი ფიგურაა. ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც შეიძლება ვარსკვლავი დადგეს. მე მასთან უშუალო კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ რასაც ვხედავ, ფაქტია, რომ ფანტასტიკურად უმატებს. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრს მუშაობს.
არის საუბარი, რომ გადავიდეს ევროპის ერთ-ერთ გრანდში. თუ ეს სიმართლეა და არის საშუალება, რომ დორტმუნდის “ბორუსიაში” გადავიდეს, დამერწმუნეთ, ამ გუნდში ის ვარსკვლავი გახდება. ბევრია კარგი გუნდი, მაგრამ საჭიროა ისეთ გუნდში წავიდეს, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელებს აძლევს საშუალებას, რომ გახდნენ ვარსკვლავები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კლუბია დორტმუნდის “ბორუსია”. მე ძალიან გამიხარდება, თუ იქ მოხვდება. დარწმუნებული ვარ, იქ ძალიან მოუმატებს”, – განაცხადა ცხადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემხრობა თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში კიდევ უნდა დარჩეს და განვითარდეს, ცხადაძის პასუხი ასეთი იყო: “დორტმუნდის “ბორუსიას” შემოთავაზების შემთხვევაში, არც კი დავფიქრდებოდი.”