კახა ცხადაძე: “როცა ვიგებთ, “ქართული” გვემართება ხოლმე”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. კახა ცხადაძის გუნდმა “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრების მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ცხადაძემ აღნიშნა, რომ კმაყოფილია როგორც შედეგით, ასევე თამაშის ხარისხით.
“მადლობა ფეხბურთელებს იმისთვის, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ვულოცავ გამარჯვებას”, – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ცხადაძემ.
— როგორ შეაფასებდით დებიუტანტების თამაშს?
— ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. თავიდან იყო ნერვიულობა, თუმცა შემდეგ ეს ბარიერი გადალახეს. ვულოცავ გამარჯვებას.
— თითქოს, გუნდს სისწრაფე აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ სუსტ მეტოქეს ეთამაშებოდა…
— პირველ ნახევარში ყველა მომენტი რომ გაგვეტანა, ასტრონომიული შედეგი იქნებოდა. მეორე ნახევარში გუნდს დავალება მივეცი, რომ ბურთი დაგვეჭირა. მეტოქეც მიხვდა, რომ ზემოთ როცა ამოდიოდა, მეტი პრობლემა ექმნებოდა. ამიტომ, დაცვაში თამაშობდნენ. ჩვენც არ გვინდოდა ბურთის ხშირად დაკარგვა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მეტი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევდა. ნაკლები რისკი გავწიეთ, რადგან თამაში უკვე “გაკეთებული” იყო. გერმანიასთან, რა თქმა უნდა, სხვანაირი თამაში იქნება.
— მეტოქიდან გამომდინარე, დებიუტანტებს შანსი მიეცით. გერმანიის ნაკრებთანაც ასე ხომ არ იქნება?
— შეგნებულად დავასვენე რამდენიმე ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრებთან ბურთის ფლობის ასეთი უპირატესობა არ გვექნება, უფრო დაცვაში ვითამაშებთ. დღეს მეც მინდოდა მეტი გოლის გატანა, მაგრამ სხვა დავალება იყო. მნიშვნელოვანია მენტალიტეტის შეცვლა. გერმანია ჯგუფში პირველ ადგილზე იქნება თუ სხვა რომელიმე პოზიციაზე, ყოველთვის ერთნაირად მაღალ დონეზე თამაშობს. ეს არის სწორი მენტალიტეტი. პრაგმატული, მაგრამ სწორი მიდგომაა, რასაც მაღალი შედეგი მოაქვეს არამხოლოდ ერთი თამაშით.
— კვეკვესკირი პირველ ტაიმში კარგი იყო, მაგრამ თითქოს ნელი ჩანს. გიბრალტარის ნაკრებზე ძლიერ მეტოქეებთან რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება?
— ძნელია პროგნოზირება. ფაქტია, მეტოქემ ასეთი თამაშის საშუალება მისცა. ვთვლი, რომ პირველ ტაიმში ნელა არ მოქმედებდა. მეორე ნახევარში კი მენტალიტეტის პრობლემამ იჩინა თავი. როცა ვიგებთ, “ქართული” გვემართება ხოლმე. აღსანიშნავია, რა პასიც გააკეთა კვეკვესკირმა პირველ ტაიმში, დაცვაში აგრესიულად თამაშიც შეუძლია. ალბათ, დაინახეთ, ძალიან ვბრაზდებოდით, როცა ბურთს ზედმეტად ფლობდა, რადგან ამ პოზიციის მოთამაშეს უფრო სწრაფად თამაში და მეტი აზროვნება მოეთხოვება.