კახა ცხადაძე: “სასაცილოა, როდესაც ქართველ ფეხბურთელს 1000 ლარიდან მხოლოდ 300 ლარს აძლევენ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემა “სპორტი იმედის” ეთერში ქართველი ფეხბურთელებისა და ევროპელი ფეხბურთელების ხელფასების შედარებაზე ისაუბრა.
“ფაქტია ძალიან გაბერილი იყო, ის თანხები, რასაც ვისმენდით. შეუძლებელია ფეხბურთელი 200-300 მილიონი, ნახევარი მილაირდი ღირდეს, თუმცა ეს ჩვენ ქვეყნებს არ ეხება და ცოტა უხერხულია პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის მოთამაშეების ჩვენთან შედარება. “იუვენტუსმა” 2 თვის ხელფასზე თქვა უარი, ზოგმა 40% დაიკლო, ზოგმა 50% და სასაცილო, კი არა სატირალია, როცა ქართველი ფეხბურთელები ისედაც ასე მცირეს იღებენ და ხელფასებს უკლებენ. 1000 ლარიდან 70%-ს შეგიმცირებენ, ეს უკვე დანაშაულია. 22 მილიონიდან 2 მილიონის დაკლება შეიძლება, მაგრამ ქართველ ფეხბურთელებს სხვა საზრუნავი აქვთ და ელემენტარული ოჯახის შენახვა უნდა შეძლონ.
პროფესიონალი ფეხბურთელი მთელ თავის ჯანმრთელობას ფეხბურთს უძღვნის და როდესაც ოჯახის შენახვაც არ შეუძლია, მაშინ მან ფეხბურთს თავი უნდა დაანებოს. თუ ადამიანს სტიმულს გაუქრობენ, მაშინ საქართველოში ფეხბურთი საერთოდ გაქრება”, – განაცხადა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გუნდების უმეტესობამ მოთამაშეებს ხელფასი 30, 50 და 70%-ით შეუმცირა.