კახა ცხადაძე: “სწორი თამაშით შედეგის მიღწევა ყველა მეტოქესთან შეიძლება”
დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, კახა ცხადაძემ მედიის კითხვებს უპასუხა და ნაკრების გეგმებზე ისაუბრა.
“ჩემი სამუშაო ცოტა სუმბურულია. ფაქტობრივად ცაში მიწევს ყოფნა. “დინამოს” თამაშზე ვიყავი, დავბრუნდი ბაქოში, ახლა კვლავ ჩამოვედი და დღეს ქუთაისში გასამართ შეხვედრას დავესწრები. ვცდილობ, რომ საქართველოს ჩემპიონატს მაქსიმალურად დავესწრო. თუმცა, ამ ეტაპზე 2-3 ფეხბურთელის გამოკლებით ყველა ლეგიონერია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს. წინააღმდეგ შეთხვევაში, ის წარმატებული ახალგაზრდული თაობა, რომელიც ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს, უბრალოდ დაიკარგება. აუცილებელია, რომ ჩვენი კლუბები გაძლიერდნენ და ადგილობრივ კადრებთან ერთად ძლიერ ლეგიონერებზე გააკეთონ აქცენტი.
საბოლოო შემადგენლობის დასახელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ძირითადი ბირთვი ცნობილი 19-ში გახდება. შეკრებას 22-დან ვიწყებთ, 23-ში კი ყველა მოთამაშე შემოგვიერთდება.
მალტასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მატჩამდე მხოლოდ ორი დღე მექნება, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.” – განაცხადა ცხადაძემ
საქართველოს ნაკრების დამრიგებელი პრემიალური სისტემის თემასაც შეეხო:
“ჩემი დამოკიდებულება პრემიალური სისტემის შესახებ არის უარყოფითი. ჩემს კლუბშიც ამის გარეშე ვმუშაობ. გუნდის მიზანი საერთო შედეგის მოპოვებაა და არა კონკრეტულ შეხვედრაში წარმატება. თუმცა, ამ თემას ფეხბურთელებთან ერთად აუცილებლად განვიხილავ”
ცხადაძემ ტაქტიკური მონახაზის შესაებაც ისაუბრა:
“ფეხბურთი მხოლოდ შეტევისგან არ შედგება და სწორი თამაში მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყველაფერი დამოკიდებულია მეტოქეზე და იმაზე, თუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი კონრეტულ შეხვედრაში. რა თქმა უდნა, ყველას გვინდა, რომ მალტასთან ვიყოთ პირველი ნომერი და ეს ასეც იქნება. ამ გუნდის ერთი თამაში ვნახე და გუნდის სათამაშო სტილი და სქემა იყო მეორე ნომრად თამაში, ამიტომ ამ შემთხვევაში მეტოქეც გვაძლევს პირველ ნომრად თამაშის საშუალეას. გერმანიასთან კი ბუნებრივია ეს ასე არ იქნება. ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა არ უდნა შეგვეშინდეს. გერმანელები მუნდიალის შემდეგ სტაბილურობის ნაკლებობას განიცდიან. მთავარია, მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები იყვნენ. სწორი თამაშით შედეგის მიღწევა ყველა მეტოქესთან შეიძლება.”