კახა ცხადაძე: “ტორპედოსთან” გავარდნა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა”
18 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა ქუთაისის “ტორპედოსა” და ყაზახურ “ორდაბასს” შორის. შეხვედრა სტუმარი გუნდის გამარჯვებით დასრულდა (0-2), რის შემდეგაც “ორდაბასის” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, პრესკონფერენცია გამართა.
“ჩემთვის მთავარი ამოცანა მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო. დარწმუნებულეი ვიყავი, რომ “ტორპედო” შინ დიდ პრობლემებს შეგვიქმნიდა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ჩვენ გუნდს მაღალ დონეზე ფუნქციონირების პრეტენზია გვაქვს. ამ ეტაპიდან გავარდნა ჩვენი გუნდისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.
ფეხბურთელების სახელებს მნიშვნელობა მხოლოდ თამაშის დაწყების წინ აქვს. დღეს “ტობოლმა” შინ ნახევრად პროფესიონალურ გუნდს ვერ მოუგო, რაც კიდე ერთხელ ამტკიცებს, რომ მოედანზე შანსები 50-50-ზეა. მონდომებისა და სწორი შრომის ხარჯზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.
პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, როდესაც ბურთის ამოტანის მომენტებში შეცდომა დავუშვით, რაც “ტორპედოს” სწრაფმა და ტექნიკურმა ფეხბურთელებმა სახიფათო შეტევებად აქციეს.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, ვთვლი, რომ საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ. ფეხბურთელები ძალიან კარგად გაისარჯნენ და მაღალი დონის თამაშიც აჩვენეს.
რაც შეეხება ქუთაისის “ტორპედოს”, ორ დღეში კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა ძალიან რთულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კახა ჩხეტიანი თავისი პროფესიონალიზმის ხარჯზე შეძლებს მებრძოლი გუნდის შექმნას,” – აცხადებს კახა ცხადაძე.