კახა ცხადაძის ასისტენტად გია ცეცაძე დაინიშნა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – კახა ცხადაძე ქვეყნის პირველ გუნდში მუშაობას გია ცეცაძესთან ერთად დაიწყებს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ცხადაძის ასისტენტად ოფიციალურად დაინიშნა.
გია ცეცაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან (1994 წელს დაბადებულები). 2013 წელს, ამ ნაკრებმა, სწორედ, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით წარმატებით დაძლია ელიტრაუნდი და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
გია ცეცაძე დაიბადა 1974 წლის 3 სექტემბერს. 2010-11 წლებში მუშაობდა საფეხბურთო კლუბ გორის „დილაში“, მთავარ მწვრთნელად. 2012 წელს კი, ამავე კლუბში იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2013 წლის იანვარში, დაინიშნა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამავე წლის აგვისტოში კი, გახდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი და კლუბში რამდენიმე თვე იმუშავა.
სანაკრებო დონეზე გია ცეცაძე უკვე მეორედ შეუდგება მუშაობას.
სფფ-ის პრესსამსახური