კახაბრიშვილი: ‘ბექაურის გამო, ტრიპელს გერმანულად აგინებდნენ და ეუბნებოდნენ…’
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდოში, -90კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა და ლაშა ბექაურის ტრავმა გაიხსენა.
როგორც იცით, ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე ბექაურმა მხრის ტრავმა მიიღო, რისი სრულად მორჩენა მოკლე ხანში წარმოუდგენელი იყო. ახალგაზრდა სპორტსმენმა ტოკიოში ტრავმით იასპარეზა, რის გამოყენებასაც ფინალში მისი მეტოქე ცდილობდა.
“ბექაური მართავდა ტკივილს. მწვრთნელი რასაც ეუბნებოდა, სჯეროდა, ჩემი სჯეროდა. ყველასგან ისრუტავდა იმ აურას, რაც სჭირდებოდა. არის შემთხვევები, როცა სპორტსმენების ტრავმებს ვმალავთ, რათა კონკურენტებს ინფორმაცია არ ჰქონდეთ. თუმცა, ბექაურის შემთხვევაში, ამას ვერ დავმალავდით, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა და პრეზიდენტით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, ყველამ დაინახა.
იყო მომენტი ოლიმპიური თამაშების ფინალში, როცა გერმანელი [ედუარდ ტრიპელი] სწორედ იმ მხარეს ცდილობდა მტკივნეული ილეთის გაკეთებას, რომელი მხარეც ბექაურს დაზიანებული ჰქონდა. მას გერმანულად აგინებდნენ და ეუბნებოდნენ: ‘ხომ იცოდი, რომ სტკიოდა?’ თუმცა, ბექაურს ის ხელი არ ეტკინებოდა, ისე იყო დახვეული და გაყუჩებული. ამის გარდა, ამ ყველაფერს სპორტსმენი თავად მართავდა”, – განაცხადა კახაბრიშვილმა ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”.