კახი კახიაშვილს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობას სთავაზობენ
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა განაცხადა, რომ მას ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობას სთავაზობენ.
“რამდენიმე ძლიერი ჯგუფის მხრიდან არის შემოთავაზება, რომ გავხდე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ერთ წელიწადში, მოსკოვში უნდა დაასახელონ. პირველი, ვისაც გავესაუბრები ჩემი მეგობრები, ახლობლები და რა თქმა უნდა, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომის წევრები იქნებიან. შემდეგ უკვე საზოგადოებასთან ვისაუბრებ.
ეს შემოთავაზება განაპირობა იმან, რომ დიდ ღონისძიებებს უმაღლეს დონეზე ვატარებთ. საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ჩვენ მომავლის ჩემპიონატებს ვატარებთ”, – თქვა კახიაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “სპორტის საათში” სტუმრობისას.
კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 2015 წლიდან იკავებს.