კალაძე: “სტამბულის ფინალის შემდეგ განადგურებულები ვიყავით”

“მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ Instagram-ში, იტალიელ ჟურნალისტ კარლო პელეგატისთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა “მილანში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
“მალდინი ჩემი ბავშვობის კუმირი იყო, ოთახში მისი პოსტერი მქონდა. ის და ნესტაც დიდი ჩემპიონები იყვნენ. მათთან ერთად თამაში შესანიშნავი რამ იყო. დიდი გუნდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ყოველდღიურად გაუმჯობესებისაკენ სწრაფვაა. ყოველდღიურად ვიბრძოდი იმისათვის, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი ვყოფილიყავი. მქონდა რთული მომენტებიც, მაგრამ თავი არასოდეს დამიხრია და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი”, – თქვა კალაძემ.
კალაძემ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც ისაუბრა. როგორც იცით, “მილანი” პირველი ტაიმის შემდეგ “ლივერპულს” სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა, თუმცა თასი მერსესაიდულმა კლუბმა აღმართა.
“სტამბულის ფინალის შემდეგ განადგურებულები ვიყავით, თუმცა მაინც გამოვნახეთ ძალა და ორ წელში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ტყუილია ის ამბავი, თითქოს შესვენებაზე გამარჯვება წინასწარ ვიზეიმეთ. პირიქით, ანჩელოტიმ გვითხრა, რომ ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, რადგან თამაში დასრულებული ჯერ არ იყო.”