კანავარო: “მილანსა” და “ინტერს” საკმარისი რესურსი აქვთ, მხოლოდ დრო სჭირდებათ”
იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ფაბიო კანავარომ მილანური გრანდების ამჟამინდელ მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ეს კლუბები მალევე შეძლებენ ძველი დიდების დაბრუნებას.
“ფინანსური რესურსები მათ ნამდვილად არ აკლიათ. “მილანი” და “ინტერი” ყოველთვის ცდილობენ მაქსიმუმის გაკეთებას, მუდამ საუკეთესო მიზნისკენ მიისწრაფვიან.
თუმცა, ამ მომენტში მთავარ როლს დროის ფაქტორი თამაშობს. შედეგის მისაღებად გარკვეული დროა საჭირო. მაგალითისთვის, “ნაპოლის” ამ დონემდე მისასვლელად 10-12 წელი დასჭირდა,” – აცხადებს კანავარო.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მონტელას “მილანი” ამ დროისთვის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს, “ინტერმა” კი შვიდიდან მხოლოდ ერთ მატჩში დაკარგა ქულები და ახლა მესამეა, ორი ქულით ჩამორჩება რა “ნაპოლის”.