კანისარესი: “მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია”
“ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მადრიდის “რეალთან” მატჩში, მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდში ქართველს შეცდომა არ დაუშვია.
როგორც იცით, ლა ლიგის მე-5 ტურში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და 1:2 დამარცხდა. მადრიდელებმა გოლები 86-ე და 88-ე წუთებზე გაიტანეს. გულშემატკივართა დიდი ნაწილის აზრით, ბენზემას გოლის დროს მამარდაშვილი შეცდა და გამოსვლა დააგვიანა.
“ბენზემას გოლის მომენტში მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია. ვინისიუსმა ბურთი ცენტრალურ მცველებს შორის ჩააწოდა და მეკარეს სხვა გზა აღარ ჰქონდა. თუ მამარდაშვილი კარში დარჩებოდა, 95 პროცენტით, გოლი მაინც გავიდოდა. თუ გამოვიდოდა, ის მოხდებოდა, რაც მოხდა – ბენზემა ცოტათი არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააგდო, მაგრამ ფრანგმა გოლი მაინც გაიტანა”, – თქვა კანისარესმა Tiempo de Juego-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ “ვალენსია” მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, “სევილიას” წინააღმდეგ გამართავს.