კანკავა: “მე გმირი არ ვარ”
30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “დნიპროსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა. მეკარესთან შეჯახების შემდეგ, კიეველთა ფეხბურთელმა ოლეგ გუსევმა გონება დაკარგა და როგორც შემდეგ გაირკვა, მას სიცოცხლე ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუნარჩუნა.
მატჩის დასრულების შემდეგ ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო და ჯაბა კანკავას ბევრმა “გმირიც” კი უწოდა, მაგრამ როგორც თავად მოთამაშე ამბობს, ის ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ინტერვიუ მისცა XSPORT-ს, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– მინდა, იმით დავიწყო, რომ თავს გმირად სულაც არ მივიჩნევ. მე ის გავაკეთე, რაც იმ სიტუაციაში საჭირო იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას სხვა, ნებისმიერი ფეხბურთელი ასე მოიქცეოდა. უბრალოდ, გუსევთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი.
– დინამიური ეპიზოდი იყო. უცებ მიხვდით თუ არა, რომ გუსევის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა?
– ყველაფერი კარგად დავინახე, ოლეგმა თვალები დახუჭა. მე კი მასთან ძალიან სწრაფად მივედი.
– ეპიზოდის დასრულების შემდეგ, გამოჩნდა, რომ თქვენ ტკივილს გრძნობდით. როგორ მდგომარეობაშია თქვენი ხელი და თითები?
– ჩემი ხელი და თითები კარგად არიან. ოლეგმა ცოტათი მიკბინა… თუმცა, მთავარი ისაა, რომ გუსევიც და ჩვენც კარგად ვართ.
დიტო ჭიჭინაძე