კანკავას „დნიპრო“ უკრაინის თასს დაემშვიდობა
ევროპის ლიგის ერთ-ერთმა ფინალისტმა, დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ დონეცკის „შახტართან“ უკრაინის თასის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ცნობისთვის, პირველი მატჩი დნეპროპეტროვსკში „შახტარის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ამრიგად, „დნიპრომ“ უკრაინის თასის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე „დნიპრომ“ გახსნა – ფედორჩუკმა მეტოქის ფლანგზე იაქტიურა, რის შემდეგაც სწრაფი შეტევა წამოიწყო და ბურთი კალინიჩს გადასცა, რომელიც აილსინიოს სწრფად გასცდა, ბოლოს კი მეკარე პიატოვსაც აჯობა.
მატჩის მთავარი ეპიზოდი შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ჯაბა კანკავამ თავის საჯარიმოში გლადკი წააქცია – მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ლუის ადრიანო მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
ცნობისთვის, ჯაბამ 84-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც ის შახოვმა შეცვალა.
ამრიგად, „დნიპრო“ ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს.