კანტონადან ყაველაშვილამდე – 5 ყველაზე დასამახსოვრებელი დებიუტი მანჩესტერულ დერბიში
ხვალ, 10 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს “მანჩესტერ იუანიტედი” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან. მანჩესტერული დერბი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება.
არ არის გამორიცხული, ხვალ, თავიანთ კლუბში სადებიუტო შეხვედრა ილკაი გიუნდოგანმა, კლაუდიო ბრავომ ან ლეროი სანემ ჩაატაროს.
პრინციპული დაპირისპირების წინ, ინგლისური საფეხბურთო ჟურნალის, Four Four Two-ს ვებ-გვერდზე იმ ფეხბურთელების ხუთეული გამოქვეყნდა, რომლებმაც თავიანთ კლუბებში სადებიუტო მატჩები სწორედ ამ დერბიში ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში ქართველი თავდამსხმელი, მიხეილ ყაველაშვილი მოხვდა.
• • •
ერიკ კანტონა
“მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1 “მანჩესტერ სიტი” (6 დეკემბერი, 1992 წელი)
ერიკ კანტონა 90-იან წლებში “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი იყო. მან თავის პირველივე მანჩესტერულ დერბიში მოახერხა გოლის გატანა, რაც გულშემატკივრების გულების მოგებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ კანტონას ამ დერბიში ჩატარებულ შვიდ მატჩში რვა გოლი დაუგროვდა.
• • •
ფილ ნევილი
“მანჩესტერ სიტი” 0:3 “მანჩესტერ იუნაიტედი” (11 თებერვალი, 1995 წელი)
18 წლის ფილ ნევილი ამ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ის “სიტის” შემტევების წინააღმდეგ ბრწყინვალედ თამაშობდა და მათ სიტუაციის გამწვავების ძალიან მცირე შანსს აძლევდა. შეხვედრაში გოლები პოლ ინსმა, ანდრეი კანჩელსკისმა და ენდი კოულმა გაიტანეს.
• • •
მიხეილ ყაველაშვილი
“მანჩესტერ სიტი” 2:3 “მანჩესტერ იუნაიტედი” (6 აპრილი, 1996 წელი)
ქართველმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტიში” ვარჯიში 1996 წლის 1 მარტს დაიწყო, “ქალაქელთა” მაისურით სადებიუტო მატჩი კი 6 აპრილს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩაატარა. პირველ ტაიმში, როცა “სიტი” ანგარიშით 0:1 მარცხდებოდა, გიორგი ქინქლაძემ შეტევა დაიწყო, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ყაველაშვილს თანაგუნდელმა ბურთი წინ დაუგდო, მან კი სტივ ბრიუსს დაასწრო და სტუმართა კარი დალაშქრა. 25 წლის ქართველს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში მისი დარტყმული შმეიხელმა მოიგერია. საბოლოოდ, მატჩი “იუნაიტედის” გამარჯვებით (2:3) დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
• • •
პატრის ევრა
“მანჩესტერ სიტი” 3:1 “მანჩესტერ იუნაიტედი” (14 იანვარი, 2006 წელი)
პატრის ევრამ “მანჩესტერ იუნაიტედში” 273 მატჩი ჩაატარა და ბევრი ტიტული მოიგო. ალბათ, მისი სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, ბევრი ვერ იფიქრებდა იმას, რომ ფრანგი მარცხენა მცველი მანჩესტერელთა რიგებში ასეთ წარმატებას მიაღწევდა. სადებიუტო შეხვედრაში ევრამ სინკლერის განეიტრალება ვერ მოახერხა, პირველივე ტაიმის შემდეგ კი შეცვალეს. ეს მატჩი “სიტის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
• • •
ბენჯანი მვარუვარი
“მანჩესტერ იუნაიტედი” 1:2 “მანჩესტერ სიტი” (10 თებერვალი, 2008)
ბენჟამინ მვარუვარიმ “სიტიში” ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. შეხვედრა “ქალაქელთა” გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “მანჩესტერ სიტიმ” 1974 წლის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვება პირველად მოახერხა.