კაპელო: “იტალიელ ფეხბურთელთა დამოკიდებულებამ გამაოგნა”
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ევრო-2020-ის ფინალური მატჩის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.
“იტალიას მოგება შეუძლია. ინგლისის ნაკრები საინტერესო გუნდია, მაგრამ არა – დიდებული. მათი ნახევარდაცვის ხაზი დიდი ხარისხით არ გამოირჩევა, თუმცა ისინი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები არიან და აგრესიულად მოქმედებენ. ინგლისელებს ევროპული დონის მხოლოდ ერთი ცენტრალური ფორვარდი ჰყავთ – ჰარი კეინი. მათ ცოტა გოლის გამშვებ გუნდად დაიმკვიდრეს თავი, თუმცა დანიელთა პრესინგის პირობებში საკმაოდ გაუჭირდათ.
გამაკვირვა თუ არა იტალიის ნაკრებმა? იტალიელ ფეხბურთელთა დამოკიდებულებამ გამაოგნა: ერთიანობა, სულისკვეთება, ეგოიზმის არარსებობა. რობერტო მანჩინიმ საოცარი სამუშაო გასწია. ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, მას ფეხბურთელების ესმის. მან “მანჩესტერ სიტიშიც” შესანიშნავი მუშაობა ჩაატარა.
იტალიის ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე. ჯორდან პიკფორდს პრემიერლიგაში კარგად არ უთამაშია. ჰკითხეთ ანჩელოტის. ამის მიუხედავად, მას არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატზე შეცდომა არ დაუშვია”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.
ევრო-2020-ის ფინალური შეხვედრა 11 ივლისს, “უემბლიზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.