კაპელო: “მსაჯმა ზიდანიც კი გააკვირვა – დაინახეთ, როგორ იცინოდა?”
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ბერგამოს “ატალანტასა” და “სამეფო კლუბს” შორის წუხელ გამართული მატჩის (0:1) მთავარი არბიტრი ტობიას შტილერი გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მე-18 წუთზე გერმანელმა მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ბერგამოელთა ნახევარმცველი რემო ფროილერი გააძევა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, იტალიელებმა ანგარიში 86-ე წუთამდე შეინარჩუნეს, თუმცა შეხვედრის მიწურულს ფერლან მენდის ულამაზესი დარტყმის წყალობით მადრიდელებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს.
“მსაჯმა თამაში გააფუჭა. ფროილერი “ატალანტას” უკანასკნელი ფეხბურთელი არ იყო, თანაც მენდი პირდაპირ კარის მიმართულებით არ მიდიოდა. ეს დარღვევა ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო და არა – წითელით. არბიტრის გადაწყვეტილებამ მთელი მატჩი გააფუჭა და თვით ზიდანიც გააკვირკვა – დაინახეთ, როგორ იცინოდა ზინედინი?
კარგი იქნებოდა, “ატალანტას” ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა სრული შემადგენლობით რომ ჩაეტარებინა. ბერგამოელებს არ გაუმართლათ, მაგრამ მადრიდში საპასუხო მატჩი გველის”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.
წყვილის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს ჩატარდება.