კაპელომ იტალიური ფეხბურთი უხარისხოდ, ხოლო რონალდუ ზარმაცად მოიხსენია
ფაბიო კაპელომ იტალიური ფეხბურთი და კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ვერცერთმა იტალიურმა კლუბმა ვერ მოიპოვა.
“იტალიური ფეხბურთი უხარისხოა, ინტენსიურობა აკლია. ორ დღეში ოთხი მატჩი ვნახეთ და შესამჩნევია, რომ ოთხივე გამარჯვებული მაღალი ინტენსივობით თამაშობდა. ჩვენ, იტალიელები, ასე არ ვთამაშობთ და ამიტომაც გვიჭირს მათი დამარცხება.
ტომას ტუჰელის “ჩელსიმ” და “ბაიერნმა” შესანიშნავი თამაში აჩვენეს. ყველა ფეხბურთელი ცდილობდა ბურთის დაბრუნებას. ადვილი შესამჩნევია, რომ სხვები იტალიური გუნდებისგან განსხვავებულად თამაშობენ.
მაგალითისათვის, შეგიძლია, კრიშტიანუ რონალდუ განვიხილოთ. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ უკან ჩამოსვლა არ უნდა. გუნდს არ ეხმარება. ყველა სხვა გუნდში კი მაქსიმალურად ეხმარებიან ერთმანეთს,” – აცხადებს კაპელო.