კარაგერი: „იმედია, ფელაინი პრემიერლიგაში აღარ ითამაშებს“
„ლივერპულის“ ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი „დეილი მეილის“ სვეტში მარუან ფელაინისა და რობენ ჰუტის ინციდენტს გამოეხმაურა და ბელგიელ ნახევარმცველი სხვა ფეხბურთელებისთვის სახიფათოდ მოიხსენია. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლესტერ სიტის“ წინა კვირას გამართული მატჩის შემდეგ ორივე ფეხბურთელმა შელაპარაკებისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
„ორივე ერთნაირი დისკვალიფიკაციით დასაჯეს? პირველმა მეორეს დარტყმა განგებ მიაყენა, მეორემ კი მას თმაზე ხელი მოქაჩა. ორივე რატომღაც ერთნაირ დისკვალიფიკაციას იღებს.
რაც უფრო ხშირად ვუყურებ სასჯელს, რომელიც ორივე ფეხბურთელმა მიიღო, ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილების უფრო ნაკლებად მესმის. ჰუტი, რომელმაც „ლესტერის“ ზღაპრულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, სკოლის დონის შემთხვევისთვის ჩემპიონობის მოედანზე აღნიშვნას გამოტოვებს.
ამავდროულად ფელაინი ჯერ კიდევ „კრისტალ პალასთან“ ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს. პირადად მე, ვიმედოვნებ, რომ მას პრემიერლიგაში არასდროს ვიხილავ.
ის სხვა ფეხბურთელებისთვის, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით, სახიფათოა. მას ცუდი უნარები არ აქვს, მაგრამ პროფესიონალური თვალსაზრისით ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს“, – დაწერა კარაგერმა.