კარაგერი: “ინგლისელებს ნაკრებში თამაშის ეშინიათ”
“ლივერპულის” ვეტერანმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდა, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს “სამი ლომი” წარმატების მიღწევას.
“ერთ შეცდომას დაუშვებ და თავზე ნაცარს გაყრიან. კლუბში ასე არავინ გაკრიტიკებს, რადგან ერთი კვირის შემდეგ მომდევნო მატჩი გელის და ყველაფრის გამოსწორება შეგიძლია, – საუბრობს კარაგერი. – რაც შეეხება სანაკრებო დონეს, იქ მომდევნო თვეებს უნდა უცადო, რომ მორიგი მატჩი ჩაატარო. ინგლისელებს ნაკრებში თამაშის ეშინიათ. ზოგჯერ მგონია, რომ ფეხბურთელს ურჩევნია ვინმემ შეაქოს გაზეთიდან, ვიდრე ნაკრების მწვრთნელმა”.
ამასთან ერთად, კარაგერმა ფაბიო კაპელოს რეჟიმიც გააკრიტიკა, რომლის თავკაცობითაც ინგლისის ნაკრები 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა:
“მთელი დღე სასტუმროში ვიყავით. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ხანგრძლივი დროით იმყოფები, გარკვეული მრავალფეროვნება გინდება. გინდა, ის ქვეყანა დაათვალიერო, სადაც იმყოფები, თუმცა ჩვენ არსად არ ვყოფილვართ. საშინელი მოწყენილობა იყო”.