კარაგერი “იუნაიტედის” ახალ თავკაცს რონალდუს გაყიდვას ურჩევს
“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას ურჩევს.
“იურგენ კლოპი “ლივერპულში” სერიოზულად მიუდგა იმ ფეხბურთელთა საკითხს, რომლებიც ბრენდან როჯერსისთვის იყვნენ შეძენილები. მან ასეთ მოთამაშეებს მაშინვე უთხრა: “წადით, თქვენ ჩემთვის არ ხართ”. კლოპმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ყველა მიხვდა, რომ ის საქმეს სერიოზულად მიუდგა.
ფიქრობ, ტენ ჰაგი რონალდუსთან დაკავშირებით ანალოგიურად უნდა მოიქცეს, მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა ამის უფლებას. მთელი ამ სეზონის მიმდინარეობისას ვამბობდი, რომ რონალდუს დამატება კარგი ტრანსფერი არ იყო”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Overlap-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან წასვლაზე დაიწყო ფიქრი.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში “წითელი ეშმაკების” რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.