კარაგერმა “მანჩესტერ იუნაიტედი” და ვან გაალი დაიცვა
“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტი და “დეილი მეილის” მესვეტე ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ კრიტიკა უმართებულოა.
“თუ გგონიათ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საკუთარ თავს ატყუებთ. კლუბმა ტრანსფერებში 150.2 მილიონი ფუნტი დახარჯა, ავტორიტეტული მთავარი მწვრთნელი მოიყვანა, თუმცა “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტიზე” წინ დადგომის შანსი არ ჰქონია.
ზოგიერთები ისე საუბრობენ, რომ აშკარაა, მათ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხილვა სატურნირო ცხრილის ლიდერად სურდათ და არა – საუკეთესო ოთხეულისთვის მებრძოლად.
გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედმა” მეშვიდე პოზიცია დაიკავა, გუნდს განახლება სჭირდებოდა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ კლუბმა ბევრი დახარჯა. “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონი გახდა, თუმცა ახალი ფეხბურთელებისთვის 88 მილიონი ფუნტი გამოყო. “ლივერპულმა”, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, 114 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ასე რომ, ეს საკამათო საკითხია.
ვან გაალის მიმართ კრიტიკა მესმის. ამბობენ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” არ თამაშობს, გუნდს უბრალოდ უმართლებს. ფაქტია, რომ გუნდს შედეგი აქვს. როდესაც “ჩელსი” იგებს, ჟოზე მოურინიოს ყველა მაღალ შეფასებას აძლევს, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვების შემთხვევაში, ვან გაალთან მიმართებაში ასე არ ხდება. ჰოლანდიელი სპეციალისტი თავის გზას ადგას და ბევრი ამას ვერ ხვდება”, – დაწერა “დეილი მეილისთვის” კარაგერმა.