კარლო ანჩელოტი: “მე რევოლუცია არ მსურს!”
მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ამერიკულ ტელევიზია ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბავარიულ კლუბზე, თავის სამწვრთნელო ფილოსოფიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– მიუნხენში გატარებული ორი კვირის შემდეგ, როგორია თქვენი შთაბეჭილება კლუბზე, გუნდსა და ქალაქზე?
– თავიდანვე მივხვდი, რომ აქ კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებდი. “ბაიერნი” ბრწყინვალე კლუბია, აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, ქალაქი კი ძალიან ლამაზია. ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და ზოგადად, ვფიქრობ, რომ სეზონს კარგი შემადგენლობით ვხვდებით.
– უკვე მოასწარით თუ არა გუნდის კარგად შეფასება?
– ჯერ-ჯერობით ბევრი ფეხბურთელი შვებულებაშია. თუმცა, ჩემი აზრით, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რაც ჩვენთვის კარგია.
– თქვენ მსოფლიოს უდიდეს კლუბებში გიმუშავიათ, სადაც დიდ ფეხბურთელებს წვრნიდით. როგორ უყურებთ ახალ გამოწვევას?
– ჩემთვის გამოწვევა ყოველთვის ასეთია: ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, შემდეგ სწორი სტრატეგიის შერჩევა, რათა ჩემს ბიჭებს თამაში გაუადვილდეთ. ყველას თავისებური ხასიათი აქვს.
– სამწვრთნელო კარიერა “რეჯანაში” დაიწყეთ. როგორ შეიცვალა მწვრნელობა გასული ოცი წლის მანძილზე?
– ყველაფერი ძალიან შეიცვალა. ოცი წლის წინ ჩემი საქმე განსხვავებული იყო. მაშინ 16 ფეხბურთელი უნდა გყოლოდა, კვირაში კი მხოლოდ ერთ მატჩს ატარებდი. ახლა 25 გყავს და სამ დღეში ერთ შეხვედრას ატარებ. დღესდღეისობით, მოედანზე ბევრი ვარჯიში აუცილებელი აღარაა, რადგან შეგიძლია, ფეხბურთელს ბევრი რამ ვიდეოს საშუალებით აუხსნა.
– ამ დროის მანძილზე, როგორ შეიცვალეთ თქვენ როგორც მწვრთნელი?
– ჩემი სტილი არ შეცვლილა. უკვე ვთქვი, რომ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დახმარებით მატჩის მიმდინარეობისას სწორი გადაწვყეტილება უნდა მივიღო.
– დღესდღეისობით, მწვრთნელობაში ტექნოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანია?
– მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიგოლოგიაა. 25 ფეხბურთელს წვრთნი, იქიდან კი მხოლოდ 11 უნდა ათამაშო. დარჩენილი 14 მოთამაშეს მოტივაცია უნდა შეუნარჩუნო და ვფიქრობ, ყველაზე რთული სწორედ ესაა. თამაში ყველას უნდა. მათ უნდა აუხსნა, რომ გუნდისათვის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურები არიან, თუნდაც მაშინ, როცა არ თამაშობენ.
– ეს ყველაზე რთული ნაწილია?
– დიახ, ასეა. ტექნოლოგია რთული არაა, რადგან მისი საშუალებით ხსნი, თუ როგორ უნდა ითამაშოს კონკრეტულმა ფეხბურთელმა.
– ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი ტაქტიკით ათამაშებდა “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა ბოლო სამი წლის მანძილზე. რა ცვლილებას უნდა ველოდოთ თქვენი მოსვლის შემდეგ?
– მე რევოლუცია არ მსურს, რადგან ამ გუნდმა გვარდიოლას ხელში კარგი ფეხბურთი ითამაშა, ამიტომ ბევრი რამის შეცვლა არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩემი გეგმები მაქვს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
– გიფიქრიათ თუ არა რომელიმე ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე?
– არა. მე ყოველდღიური მუშაობა მომწონს, მომწონს, როდესაც ყოველდღე მოედანზე ვარ. მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. თუმცა, ამჟამად ჩემი სურვილი კლუბში მუშაობაა. ნაკრების გაწვრთნა რთულიცაა, რადგან ვარჯიშისა და გუნდის მომზადების დრო არ გაქვს. ამიტომაცაა, რომ გასულ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი მატჩი სანახაობით ვერ გამოირჩეოდა. ნაკრებში კარგი ფეხბურთის თამაში რთულია.
– ამ დროს, დაცვითი ფეხბურთის თამაში ადვილია…
– დიახ, რა თქმა უნდა. როცა ბურთი გიჭირავს, რაღაც უნდა შექმნა. უბურთოდ კი მხოლოდ თავს იცავ, ამიტომ ეს უფრო ადვილია.
– ხომ არ გეშინიათ იმის, რომ მალე გუნდების დიდი უმეტესობა დაცვით ფეხბურთსა და კონტრ-შეტევებზე თამაშს მიანიჭებს უპირატესობას?
– მე არ მეშინია, რადგან ფეხბურთი ყოველთვის ასეთი იყო. იყო დრო, როცა ბურთის დაჭერით წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იყო და იყო დრო, როცა კონტრ-შეტევით უკეთეს შედეგებს აღწევდნენ. ეს ფეხბურთია, რაიმე ახალს ვერ ვხედავ.
– ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თქვით, რომ არიგო საკის “მილანს” ბურთის დაჭერაც და კონტ-შეტევაზე თამაშიც შეეძლო. იმ გუნდში ამის ბალანსი იყო. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ის იდეალური ფეხბურთი?
– ჩემი აზრით, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსია. ბურთთან ერთად კარგად უნდა მოქმედებდე და უბურთოდ ყოფნის დროსაც, ასე უნდა იყოს.
– ზაფხულში თქვენი ყოფილი კლუბების – “მილანისა” და “რეალის” წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. იქნება თუ არა ეს მატჩები თქვენთვის განსაკუთრებული?
– რა თქმა უნდა. მე “მილანის” ფეხბურთელი და მწვრთნელი ვიყავი. იქ 13 წელი გავატარე და დიდ წარმატებას მივაღწიე. “რეალში” ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემთვის ორივე მატჩი განსაკუთრებული იქნება.
– როგორ ფიქრობთ, ამხანაგური მატჩებისათვის, როცა დიდ კლუბებს ეთამაშებით, ფეხბურთელების მომზადება უფრო ადვილია?
– დიდი კლუბების წინააღმდეგ ფეხბურთელები უფრო დიდი მოტივაციითა და კონცენტრაციით თამაშობენ. ასეთ მატჩებს უამრავი ადამიანი უყურებს. ყველამ იცის, რომ ამხანაგურ შეხვედრაში შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მთავარი ისაა, რომ კარგად ითამაშო და სეზონს სასურველი ფორმით შეხვდე.