კარლუშ კეირუში: “ირანი გამარჯვებას იმსახურებდა”
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ირანმა პორტუგალიასთან ფრე, 1-1 ითამაშა და მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. საგულისხმოა, რომ აზიელებს ერთადერთი გოლი დააკლდათ, რათა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულიყვნენ, სადაც რუსეთს დაუპირისპირდებოდნენ და მეოთხედფინალში გასვლის შესანიშნავი შანსიც ექნებოდათ. თუმცა, ახლა ისინი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან.
დრამატული მატჩის შემდეგ ირანელთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა კომენტარი გააკეთა.
“ეს იყო შეხვედრა, რომლითაც პატივი მივაგეთ და პრესტიჟი შევძინეთ მსოფლიოს ჩემპიონატს. ძალიან კონკურენტული დაპირისპირება გამოდგა, წუთ-წუთ, დუელ-დუელ ვთამაშობდით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. ვფიქრობ, რომ თავისი სათამაშო დისციპლინით, დამოკიდებულებით, თამაშის კონტროლით, თუ რამე სამართალი არსებობს ფეხბურთში – და ასეთი რამ არ არსებობს – ირანი უნდა გამხდარიყო ამ შეხვედრის გამარჯვებული,” – ამბობს კერიუში.