კარვახალი: “ლოპოტეგი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია”
მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა დანი კარვახალმა საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხულიენ ლოპოტეგი საუკეთესო სპეციალისტია, ვისთანაც ოდესმე უმუშავია. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ფლორენტინო პერესის მმართველობის ხანაში ყველაზე მალე დათხოვნილი მწვრთნელიც გახლავთ.
“ლოპოტეგი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია, თუმცაღა, საუბედუროდ, ჩვენთან ყოფნისას მას იღბალმა ზურგი აქცია.მე სრულად ვიზიარებ მის საფეხბურთო ხედვას, გუნდის მართვის სტილს, ფეხბურთელებთან მიდგომას.
მე ფეხბურთზე საკუთარი წარმოდგენები გამაჩნია. ლოპოტეგის “რეალში” მოსვლამდეც ვაქებდი და მერწმუნეთ, მომავალშიც ასე იქნება იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან აღარ არის,” – აცხადებს კარვახალი.
შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალს ფეხბურთის არაერთ სპეციალისტთან აქვს ნამუშევარი – მათ შორის კარლო ანჩელოტისთან, რაფა ბენიტესთან და ზინედინ ზიდანთანაც.