კარვახალის დასაფასებელი საქციელი – რა გააკეთა მან ინგლისთან მატჩის შემდეგ?
8 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში ინგლისის ნაკრებმა “უემბლიზე” ესპანეთი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, ინგლისელთა მარცხენა მცველმა, ლუკ შოუმ კარვახალთან ორთაბრძოლის შემდეგ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სანამ ინგლისელი ექიმები მოედანზე შოუს დახმარებას ცდილობდნენ, კარვახალი მათ სიახლოვეს იყო. ჩანდა, რომ ესპანელი ფეხბურთელი მეტოქის მდგომარეობაზე ნერვიულობდა.
“მარკას” ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ, კარვახალი შოუს სანახავად ინგლისის ნაკრების გასახდელში შევიდა, თუმცა მას იქ ტრავირებული მოთამაშე არ დახვდა – მარცხენა მცველი საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც მას გამოკვლევები უტარდებოდა.
ამის შემდეგ, კარვახალმა შოუს თანაკლუბელ დე ხეას, მისი ნომერი გამოართვა. ესპანელმა ფეხბურთელმა შოუს დაურეკა და ბოდიში მოუხადა. თავად ინგლისელმა კი მას უთხრა, რომ ეს მხოლოდ ორთაბრძოლა იყო.