კაშია: “რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ თამაშით ბევრად ვაჯობეთ”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დუბლინში გამართული მატჩი (1:0) გურამ კაშიამ შეაფასა.
“მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, მით უფრო – პირველ ტაიმში. საკმარისი რაოდენობის მომენტები შევქმენით იმისთვის, რომ გოლი გაგვეტანა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. ამ შეხვედრაში, როგორც მინიმუმ, ქულა დავიმსახურეთ.
ირლანდიის ნაკრები მებრძოლი გუნდია, მეორე სართულზე ძალზედ ძლიერია. ჩვენ ეს ვიცოდით. ეს გოლი უფრო ლელოს ჰგავდა. რთული მეტოქე გვყავდა, მაგრამ თამაშით ბევრად ვაჯობეთ.
მომენტები შევქმენით და უნდა გაგვეტანა. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. კარგი გუნდი გვყავს, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. თუ განვითარებასა და თავჩაუხრელ შრომას გავაგრძელებთ, იღბალიც მოვა. დავმარცხდით, მაგრამ პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი, ვინაიდან კარგი თამაშის ჩვენებას ვეცადეთ, მომენტებიც შევქმენით. მჯერა, რომ გამოცდილებასაც შევიძენთ და უფრო ხარისხიანადაც ვიმოქმედებთ.
იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ ეს მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ, ვინაიდან მომდევნო მატჩი გველის. საკუთარი თავის გვჯერა. ქულები გვჭირდება და გამარჯვებები უნდა დავიწყოთ”, – აღნიშნა კაშიამ.